Enter your keyword

post

HSK 3.0: რა უნდა იცოდე ჩინური ენის ახალი სასწავლო კურსის შესახებ?

HSK 3.0: რა უნდა იცოდე ჩინური ენის ახალი სასწავლო კურსის შესახებ?

ჩინური ენა დიდი ხანია ცივილიზაციებს შორის ურთიერთგაგებისა და აზრების გასაცვლელ ხიდად იქცა. გლობალურად ჩინური ენის სასწავლო ცენტრებისა და შესწავლის მსურველთა რაოდენობა კი საკმაოდ მზარდია. ამიტომ საერთაშორისო საზოგადოებაში ჩინური ენის სწავლების ხარისხის განვითარების მიზნით HSK (ჩინური ენის სტანდარტული გამოცდა) სახელმძღვანელოების დახვეწა მნიშვნელოვანია.

HSK 3.0 – რა ცვლილებები განხორციელდა ახალ სისტემაში

HSK 3.0 ჩინური ენის სწავლების განახლებული სისტემაა, სადაც ჩინური ენის დონის სტრუქტურა მნიშვნელოვნად შეიცვალა. კერძოდ, თუ თავიდან აღნიშნული სისტემა მოიცავდა ექვსი დონის საგამოცდო სისტემას (六级考试体系), ახალი სტანდარტის თანახმად, დაინერგა „სამი საფეხურისა და ცხრა დონის“ სტრუქტურა (三等九级). უფრო კონკრეტულად, ახალი ჩინური ენის დონის განმსაზღვრელი სტრუქტურა შედგება დაწყებითი(初级), საშუალო(中级) და მაღალი საფეხურებისაგან(高级), რაც ჯამში ექვსი დონის ნაცვლად ცხრა დონეს მოიცავს.

ახალი კურსი შედგება ექვსივე დონის ძირითადი სახელმძღვანელოებისა და სავარჯიშო რვეულებისაგან. მთავარი სახელმძღვანელო ფოკუსირდება სასწავლო მასალის ძირითადი შინაარსის სწავლაზე, ხოლო სავარჯიშო რვეული სახელმძღვანელოში მოცემული მასალის გაგრძელებაა და წარმოადგენს დამატებით რესურსს. 

აღსანიშნავია, რომ ახალი HSK სახელმძღვანელოები ინარჩუნებენ მოსწავლეზე ორიენტირებულ მიდგომას, რომელიც ენის თანამედროვე სწავლების მეთოდებსა და პრაქტიკაზეა დაფუძნებული. ეს მიდგომა მოიცავს კლასში სწავლებას, დამოუკიდებელ მეცადინეობასა და ხელოვნური ინტელექტის საშუალებით სწავლის პროცესის გამარტივებას.

AI ასისტენტი – თქვენი მეგზური ჩინური ენის სწავლის პროცესში

საინტერესო სიახლეა HSK-ის ახალ სისტემაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებაც. კურსის სახელმძღვანელოებში ჩაშენებულია AI ასისტენტი „სიაო იუ“(小语), რომელიც აერთიანებს უშუალოდ სახელმძღვანელოებში მოცემულ მასალასა და ელექტრონულ რესურსებს. იგი წარმოადგენს ერთგვარ მეგზურს, რომელიც მოსწავლეს ეხმარება ენობრივი პუნქტების ათვისებაში. თითოეულ სახელმძღვანელოში მოცემულია AI ასისტენტის რუბრიკა, სადაც სხვადასხვა სახის კულტურული თუ ინფორმაციული ტექსტი და ინტერაქტიული სავარჯიშო შეგხვდებათ. ეს კომპონენტი კი სასწავლო პროცესს უფრო მრავალფეროვანს გახდის.

ამ ეტაპზე ხელმისაწვდომია HSK 3.0 კურსის მხოლოდ პირველი, მეორე და მესამე დონის სახელმძღვანელოები, რომლებიც მრავალფეროვან სასწავლო კომპონენტს მოიცავს. ქვემოთ სწორედ მათ შინაარსობრივ სტრქუტურას გაეცნობით.

ახალი HSK 3.0 კურსის პირველი დონის სახელმძღვანელო

პირველი დონის სახელმძღვანელო მოიცავს ჯამში 15 გაკვეთილს, რაც 30-36 აკადემიურ საათს გულისხმობს. ლექსიკა მოიცავს ახალი სასწავლო პროგრამით განსაზღვრულ 300 ახალ სიტყვასა და 40 ენობრივ კომპონენტს. 

თითოეული გაკვეთილი გაფართოებული ლექსიკის გარდა შედგება საგაკვეთილო პროცესში შესასრულებელი საკლასო დავალებებისგან, როგორებიცაა: დიალოგები, წყვილსა და ჯგუფში შესასრულებელი სავარჯიშოები საკომუნიკაციო ჩინურის დახვეწის მიზნით, რომელთა დახმარებითაც მოსწავლეებს ექნებათ შესაძლებლობა, პრაქტიკაში გამოიყენონ ახალი მასალა.

ამასთანავე, ყოველი გაკვეთილის ბოლოს მოცემულია AI ასისტენტ „სიაო იუს“ ბონუს რუბრიკა. იგი მოიცავს გაკვეთილის შინაარსთან დაკავშირებულ კულტურულ თუ ინფორმაციულ სიახლეს.

ახალი HSK 3.0 კურსის მეორე დონის სახელმძღვანელო

მეორე დონის სახელმძღვანელო მოიცავს ჯამში 15 გაკვეთილს, შესაბამისად, ეს კურსი მოითხოვს 30-45 აკადემიურ საათს. ლექსიკა შედგება 200 ახალი სიტყვისა და 45 ენობრივი კომპონენტისაგან.

ამ სახელმძღვანელოს თითოეული გაკვეთილი გაფართოებულ ლექსიკასთან ერთად მოიცავს სამ დიალოგსა და ერთ თხრობით ტექსტს, ასევე საკლასო დავალებებს, წყვილსა და ჯგუფში შესასრულებელ სავარჯიშოებს. გარდა ამისა, დამატებით მოცემულია ჯგუფური გამოკითხვაც, რაც მოსწავლეს მისცემს საშუალებას, უკვე ნასწავლი მასალა პრაქტიკაში გამოიყენოს და შეასრულოს სასაუბრო დავალებები.

გაკვეთილების ბოლოს აქაც შეგხვდებათ AI ასისტენტ „სიაო იუს“ ბონუს რუბრიკა, რომელიც მოიცავს მნიშვნელოვანი კულტურული ასპექტების სიღრმისეულ ანალიზსა და დამატებით ინფორმაციულ სტატიებს.

ახალი HSK 3.0 კურსის მესამე დონის სახელმძღვანელო

მესამე დონის სახელმძღვანელო მოიცავს ჯამში 20 კომპლექსურ გაკვეთილს, რომელიც საერთო ჯამში მოითხოვს 60-80 აკადემიურ საათს. ლექსიკა შედგება 988-1000 ახალი სიტყვისა და დაახლოებით 97 ენობრივი კომპონენტისაგან. 

აღნიშნული სახელმძღვანელო აგებულია რთულ სიტუაციურ დიალოგებსა და თხრობითი სტილის ტექსტებზე. განსაკუთრებული ყურადღება კი ეთმობა კომუნიკაციის უნარების განმავითარებელ სავარჯიშოებს: სიტუაციური როლური თამაშები, ჯგუფური დისკუსიები და პრეზენტაციები. AI ასისტენტი „სიაო იუ“ ამ სახელმძღვანელოს განუყოფელი ნაწილიცაა და მოსწავლეებს ინფორმაციულ რუბრიკებს, სიღრმისეულ კულტურულ ანალიზსა და ინტერაქტიულ ციფრულ დავალებებს სთავაზობს.

ამგვარად, ახალი HSK 3.0 კურსი არ არის მხოლოდ სახელმძღვანელოების ნაკრები. ეს არის სრულიად ახალი აკადემიური გამოცდილება. მას ჩინური ენის სწავლების პრაქტიკა და სისტემა სრულიად ახალ საფეხურზე გადაჰყავს და უცხოელ მოსწავლეებს უფრო სიღრმისეულ და აკადემიურად დახვეწილ სილაბუსს სთავაზობს.