გაიცანი Upward-ის ლექტორი: დავით ადუაშვილი
ფრანგული ენა ერთ-ერთი წამყვანი ენაა საერთაშორისო ორგანიზაციებში, ხუთივე კონტიტენტზეა გავრცელებული და მსოფლიოში მეოთხე ადგილზე მოლაპარაკეთა რაოდენობის მიხედვით, ხოლო მეორე ადგილი უკავია შემსწავლელთან ოდენობით, ინგლისურის შემდგომ. თუ კულტურულად მრავალფეროვან გარემოში მუშაობის გამოცდილების მიღება გსურს, ამ ენის ცოდნა მნიშვნელოვანი უპირატესობაა. UPWARD-ში კი მისი შესწავლა განსაკუთრებით საინტერესო, მრავალფეროვანი და სახალისო მეთოდებით არის შესაძლებელი. ამ ბლოგში მოგიყვები დავით ადუაშვილის შესახებ, რომელიც ფრანგულ ენას პოდკასტების, სიმღერების, ინტერაქციული თამაშებითა და ფრანგული ლიტერატურისა თუ კინოს შედევრებით ასწავლის.
დავითი ფრანგულ ენას ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში საფრანგეთისმცოდნეობის საბაკალავრო პროგრამაზე დაეუფლა. შემდგომ კი სწავლა სამაგისტრო საფეხურზე რომანული ფილოლოგიის მიმართულებით გააგრძელა. გაცვლითი პროგრამით საფრანგეთშიც იმყოფებოდა, სადაც პოლ ვალერის უნივერსიტეტ მონპელიე III-ში ფრანგული ენა და შედარებითი ლიტერატურათმცოდნეობა შეისწავლა. ამჟამად კი ლექსიკოგრაფიის ფაკულტეტზე სწავლობს.
უკვე ხუთი წელია, რაც დავითი ფრანგული ენის მასწავლებელია. ეს საქმიანობა მან 2021 წელს კერძო გაკვეთილების ჩატარებით დაიწყო. 2024 წლიდან კი ქართულ-ამერიკულ სკოლა სადუნიში მუშაობს. დავითი ფლობს ფრანგული ენის C1 დონეს და ფრანგული ენის მასწავლებლის გამოცდაც წარმატებით აქვს ჩაბარებული. ასევე მას დამატებით გავლილი აქვს ფრანკოფონიის საერთაშორისო ასოციაციის მიერ დაგეგმილი ტრენინგები ფრანგული ენის სწავლების შესახებ.
რატომ ფრანგული ენა?
ფრანგული ენა დავითისთვის ხელოვნების, დახვეწილობისა და კულტურის სინონიმია, საფრანგეთი კი – მისი მეორე სამშობლოა. სწორედ ამ უზომო სიყვარულმა და შთაგონებამ გადააწყვეტინა მას, მისი ცხოვრება ამ ენის სწავლებისთვის დაეკავშირებინა. საკუთარ პროფესიაშიც ყველაზე მეტად ის მომენტი აბედნიერებს, როდესაც მოსწავლეებს ფრანგულ სამყაროს უზიარებს და მათ თვალებშიც იმავე ინტერესსა და აღფრთოვანებას ხედავს.
ეს ინტერესი კი მისი ლექტორის დამსახურებაა. სოციოლოგიის პირველ კურსზე რომანისტიკის პროფესორმა მასზე დიდი გავლენა მოახდინა. მისმა განსაკუთრებულმა პიროვნებამ, პროფესიისადმი უზომო სიყვარულმა და აშკარა ენთუზიაზმმა იმდენად მოხიბლა, რომ გადაწყვიტა, ფრანგული ენა შეესწავლა. საბოლოოდ, სწორედ ამ ადამიანის დამსახურებაა, რომ დღეს დავითი თავად არის ფრანგული ენის მასწავლებელი და მის საქმეს იმავე შთაგონებით აკეთებს.
“ჩემთვის ეს პროფესია უდიდესი პასუხისმგებლობა და, ამავდროულად, უდიდესი ბედნიერებაა.”
როგორც დავითი აღნიშნავს, მისთვის ფრანგული ენის სწავლება მხოლოდ ინფორმაციისა და გრამატიკული წესების გადაცემა არ არის – ეს არის ემოციებისა და გამოცდილების გაზიარების უწყვეტი ჯაჭვი. მასწავლებლობა ნიშნავს, იყო მეგზური მოსწავლეებისთვის იმ სამყაროში, რომელმაც თავის დროზე სრულიად შეუცვალა ცხოვრება:
“ეს არის შესაძლებლობა, ყოველდღიურად დავთესო ინტერესი, დავანახო მათ ფრანგული ენის სილამაზე და დავეხმარო საკუთარი პოტენციალის აღმოჩენაში.”
რას მოიცავს ფრანგული ენის კურსი?
ფრანგული ენის კურსი ორიენტირებულია ენის ოთხივე ძირითადი უნარ-ჩვევის (მეტყველება, მოსმენა, კითხვა, წერა) განვითარებაზე. პროგრამის ფარგლებში მოსწავლეები საფუძვლიანად დაეუფლებიან ფრანგულ გრამატიკასა და მდიდარ ლექსიკას. რაც მთავარია, ენასთან ერთად, ისინი შეიმეცნებენ ფრანგულ კულტურას, აზროვნებას, ტრადიციებსა და ცხოვრების წესს, რაც მათ ამ სამყაროსთან ინტეგრაციას ბევრად გაუმარტივებს.
კურსის პრაქტიკული შედეგი მიმართულია საერთაშორისო სტანდარტების (CEFR) შესაბამისი დონის მიღწევაზე. სტუდენტები შეძლებენ თავისუფლად გადალახონ კომუნიკაციური ბარიერი, აღიქვან ფრანგული მეტყველება ბუნებრივ ტემპში და გამოხატონ საკუთარი აზრი როგორც ზეპირად, ისე წერილობით. ეს ცოდნა მათ მისცემს მყარ საფუძველს საერთაშორისო სასერტიფიკატო გამოცდების ჩასაბარებლად, ფრანგულენოვან კომპანიებში სამუშაოდ ან საფრანგეთის უნივერსიტეტებში სწავლის გასაგრძელებლად, სადაც ენის პრაქტიკული ფლობა გადამწყვეტია.
რაც შეეხება სწავლების სტილს, იგი იქნება პრაქტიკაზე ორიენტირებული, ცოცხალი და დინამიური. დავითი ყოველ გაკვეთილზე ე.წ. „ფრანგულ გარემოს“ (სწავლება კულტურული კონტექსტის გათვალისწინებით) ქმნის – იყენებს რეალურ აუდიო-ვიდეო მასალებს, მუსიკას, ფრანგულ პრესასა და კინოს. მისი მიზანია, მოსწავლეებმა ფრანგული ენა კი არ დაიზუთხონ, არამედ მისი შეგრძნება დაიწყონ, რაც სწავლის პროცესს ბევრად საინტერესოსა და შედეგზე ორიენტირებულს ხდის.
სტუდენტების მოტივირებისთვის დავითი რამდენიმე მიდგომას იყენებს, თუმცა მთავარი მაინც მრავალფეროვნება და მასალის რეალურ ცხოვრებასთან დაკავშირებაა. გაკვეთილებზე ხშირად დაგხვდებათ თანამედროვე ფრანგული მუსიკა, პოდკასტები, ფილმების ფრაგმენტები და აქტუალური “მემებიც” კი. გარდა ამისა, დავითი იყენებს ინტერაქტიულ თამაშებსა და ქვიზებს (მაგალითად, Kahoot, Foufou Chanel). როგორც თავად ამბობს, როდესაც მოსწავლეები ხედავენ, რომ ენა ცოცხალია და მათ ყოველდღიურობას ეხება, ჩართულობა და ინტერესი ბუნებრივად იზრდება.
ეს კურსი განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის, ვინც ეძებს არა უბრალოდ მშრალ გრამატიკულ წესებს, არამედ ენის ცოცხალ, პრაქტიკულ გამოყენებას. ის იდეალურია დამწყებებისთვის, ვისაც სურს პირველივე ნაბიჯებიდან სწორი გამოთქმა ჩამოუყალიბდეს; ასევე სტუდენტებისა და ზრდასრული ადამიანებისთვის, რომლებიც საფრანგეთში გამგზავრებას, სწავლის გაგრძელებას ან კარიერულ წინსვლას გეგმავენ.
რჩევები ფრანგული ენით დაინტერესებულ მოსწავლეებს
დავითის მთავარი რჩევაა, რომ არ შეგეშინდეთ შეცდომების დაშვების. უცხო ენის სწავლა ჰგავს სიარულის სწავლას – წაქცევის გარეშე პროგრესი შეუძლებელია. ფრანგულ ენას აქვს თავისი სპეციფიკური ჟღერადობა და ფონეტიკა, რაც თავიდან შეიძლება რთული მოგეჩვენოთ, მაგრამ როგორც კი ამ სილამაზეს აუღებთ ალღოს, პროცესი უდიდეს სიამოვნებად იქცევა.
ასევე, მნიშვნელოვანია, რომ ენა თქვენი ყოველდღიურობის ნაწილად აქციოთ: უყუროთ ფილმებს სუბტიტრებით, მოუსმინოთ ფრანგულ მუსიკას და ტელეფონის ენაც კი ფრანგულზე გადაიყვანოთ. მთავარია სისტემურობა და იმის გააზრება, რომ თქვენ უბრალოდ წესებს კი არ სწავლობთ, არამედ ახალ სამყაროს აღმოაჩენთ.
სასურველი შედეგების მისაღწევად კი რამდენიმე უნარი გამოგადგებათ:
ცნობისმოყვარეობა და ღიაობა: ენის სწავლა მხოლოდ სიტყვების დაზუთხვა არ არის. წარმატებას აღწევს ის, ვინც ინტერესდება ფრანგული ყოფით, ხელოვნებითა და აზროვნებით;
მიზანსწრაფულობა და სისტემურობა: ენას უყვარს რეგულარულობა. ყოველდღიური მცირე, თუნდაც 15-წუთიანი პრაქტიკა ყველაფერს სჯობს;
ჯანსაღი დამოკიდებულება შეცდომების მიმართ: წარმატების მთავარი საიდუმლო კომპლექსებისგან გათავისუფლებაა. მოსწავლე, რომელიც შეცდომას აღიქვამს არა როგორც მარცხს, არამედ როგორც სწავლის ბუნებრივ პროცესს, ბევრად სწრაფად შეძლებს ფრანგული ენის შესწავლას.
აქვე გაგიზიარებ, რომ დავითისთვის გამორჩეულად საყვარელი სასწავლო რესურსი ყველასათვის საყვარელი ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის მოთხრობა „პატარა პრინცია“. მისი ენა მარტივი, მაგრამ საოცრად პოეტურია. დამწყებებისთვის კი ეს არის პირველი ნამდვილი ფრანგული ლიტერატურა, რომლის წაკითხვაც დამოუკიდებლად შეუძლიათ, რაც მათ უდიდეს მოტივაციას აძლევს.
ასე რომ, თუ გსურს, აღმოაჩინო ფრანგული სამყარო და მოკლე დროში შეძლო ამ ენაზე კომუნიკაცია და მათი ლიტერატურული შედევრების გაცნობა, ეს კურსი შენთვისაა. შემოგვიერთდი UPWARD-ში!